ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ
19:23, 24 Feb, 2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ.

როგორც ამბობენ, მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

„ალბათ ორ ათეულზე მეტი ადამიანი იქნებოდა, აგრესიით წამოვიდნენ, აქ სხვას არ შემოვუშვებთო. მოხუცი ქალბატონის განთავსება გვინდოდა იმ ოთახში, რომელშიც ერთი ადამიანი დროებით გვყავს შესახლებული. ჩვენს თანამშრომელს დაზიანებული აქვს თვალი და დაზიანებები აღენიშნება სახის არეში,“- აცხადებს მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული პოლიციამ უკვე გამოკითხა.