თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ წევრები თავად არიან ბოიკოტში არაფორმალურად 
13:50, 11 Jun, 2024
„ქართული ოცნების“ წევრები თავად არიან ბოიკოტში არაფორმალურად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აქუბარდიას თქმით, „უმრავლესობაში მართვის სადავეებია მოშვებული“.

„მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს, თავად არიან ბოიკოტში არაფორმალურად, რადგან პირველი რეგისტრაცია გავიარე და 71-მა დეპუტატმა გაიარა, რაც მანიპულაციური იყო, რადგან დეპუტატები დარბაზში არ ისხდნენ და რეგისტრაცია გავლილი აქვთ. ეს რეგლამენტის დარღვევაა. მეორე რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი იყო, რაც ასევე მანიპულაციური იყო. მეორე რეგისტრაცია არ გავიარე, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები შატალოზე არიან წასული. უმრავლესობაში მართვის სადავეებია მოშვებული -  ფრაქციის თავმჯდომარე, დიდი ხანია, პარლამენტში არ არის, ასევე, როგორც ჩანს, ამერიკული სანქციების გავლენაც არის, რადგან პარლამენტში ასეთი ამბავი არ მახსოვს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ დაიწყო. დეპუტატებმა რეგისტრაცია უკვე ორჯერ გაიარეს, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა 73-მა დეპუტატმა, სხდომის გახსნისთვის კი საჭიროა 76 კანონმდებელი. დეპუტატები პარლამენტში სხდომის დასაწყებად მორიგ რეგისტრაციას 15:00 საათზე გაივლიან.