თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამ კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
22:59, 21 Jun, 2024
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს ცემენტო-ბეტონის საფარიანი, 4-ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი გადის ფონიჭალის დასახლებასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა მაღალია და პიკის საათებში რთულდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამართულად ფუნქციონირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის უკვე ექსპლუატაციაში არსებული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც
უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.