მიხეილ ყაველაშვილი - სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური ვითარების არევის რესურსი არ აქვს
23:26, 21 Jun, 2024
სამწუხაროა, რომ დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური ვითარების არევის რესურსი არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ხომ მიმართა და, ფაქტობრივად, გადადგომისკენ მოუწოდა. პარალელურად, მიმართა ქართველ ამომრჩეველსაც და უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნები ჩვეულებრივი არ იქნება. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ - ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია. ახლაც მიიღო დაკვეთა, რომ პოლიტიკური ვითარება არიოს, თუმცა ამისი რესურსი არ აქვს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუშაობს ის, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ - მხილება. ჩვენი საზოგადოების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განცდა, რომელიც უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნო და ამის გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებული. უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველო თავის უფლებებს იცავს და ამიტომ მიდის ამ ქვეყანაზე ზეწოლა. ამავდროულად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვამ საქართველოს წარმატება და მშვიდობა მოუტანა, მშვიდობამ კი - ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.