„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძემ ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშა, იმედია, კლუბშიც ასე გააგრძელებს #1TVSPORT
15:57, 10 Jul, 2024
გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ამოცანაა, „უოტფორდზეგადმოერთოს და კლუბშიც ისეთივე დონეზე ითამაშოს, როგორც საქართველოს ნაკრებში - ამის შესახებ Watfordobserver-თან ინტერვიუში კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ განაცხადა.

„ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩაკვეტაძის თამაშმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რადგან დებიუტანტმა საქართველომ მერვედფინალში გასვლა მოახერხა. გუნდმა პორტუგალიასთან დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ფეხბურთელმა „უოტფორდშიც“ მაღალ დონეზე ითამაშა, 37 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა“, - წერს გამოცემა Watfordobserver-ი და „უოტფორდის“ მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.

„გასული სეზონის ბოლოს ჩაკვეტაძე მხოლოდ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ენერგიით სავსე დაგვიბრუნდება და მზად იქნება „უოტფორდში“ სათამაშოდ, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაში ძალიან მომწონს.

მინდა, ყოველ კვირას „უოტფორდშიც“ ისეთივე გიორგი ვნახო, როგორც საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. კლუბმა იანვარში „გენტიდან“ გიორგის ტრანსფერი გამოისყიდა და ეს ძალიან ხელსაყრელი გარიგება იყო - ამჟამად ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ მოთამაშეა.

ჩაკვეტაძემ გერმანიაში შესანიშნავად ითამაშა, რითიც „უოტფორდიც“ ძალიან ამაყობს, რადგან კლუბთან ასოცირებული ნებისმიერი ადამიანის წარმატება სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია, დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ გუნებაზე დაგვიბრუნდება და მზად იქნება, რომ მსგავსი თამაშის დონე კლუბშიც გამოავლინოს“, - განაცხადა „უოტფორდის“ მწვრთნელმა.