ნიკა გვარამიამ ბიზნესმენებს მიმართა - ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, დაჭერები, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი
21:02, 01 Oct, 2024
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე ქართველ ბიზნესმენებს მიმართა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ბიზნესმენები არიან მთავარი ძალა ქვეყნის წინ წაწევის და მათზე იზრუნებენ.

„მინდა, მივმართო ქართველ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინ წაყვანის, მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და ამ ქვეყანას მოუტანს იმას, რომ არავის უჭირდეს, არავის შიოდეს და ყველას ჰქონდეს სწავლის, ჯანდაცვის, დასვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები, არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფრის შემდეგ, შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, მომავალი თქვენია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ მიმართა ქართველ გლეხს: „ჩემო ძვირფასო, არ მოგატყუოს არავინ, რომ  ყოველწლიურად სახელმწიფოსგან დახმარება გჭირდება, არ მოგატყუოს არავინ, რომ შენი შრომა ფუჭია, რომ მარტო რუსეთია შენთვის გამოსავალი, ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთიც, უზარმაზარი ბაზარი ამ სამარცხვინო, უმცირეს და არაფრისმომცემ რუსულ ბაზართან შედარებით, შენი იქნება როგორც კი მოვალთ და მომავალი შენია“.