ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, პოლონეთი იყო საქართველოს გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივი განცხადებისას
აღნიშნა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ყველა ვიმყოფებით გარდამტეხ ეპოქაში. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, მათ შორის ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.
„ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპიძლობისთვის. პოლონეთში ჩემი ბოლო ვიზიტიდან თითქმის ორი წელი გავიდა. საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას. ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ამ ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, ყოველ ამ ეტაპზე, პოლონეთი, პოლონეთის ხალხი და პოლონეთის ხელისუფლება იყო საქართველოს გვერდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემგან და საქართველოს მოსახლეობისგან, რომელმაც იცის, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მეგობარია.
ამჯერად, ვარშავაში ჩემი ვიზიტი მაშინ ტარდება, როცა ჩვენ ყველა გარდამტეხ დროსა და ეპოქაში ვიმყოფებით. ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწად-ნახევარზე მეტია, რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 951 დღე, თუ არ ვცდები და ეს ის დღეებია, როცა რუსეთმა ვერ შეძლო და ვერ შეარყია უკრაინელების მხნე ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ის, რაც რუსეთს ეგონა, იქნებოდა მოკლე კამპანია, თუ არ ვცდები, სამდღიანი, გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს აღმოჩნდა, როგორია უკრაინის მიმართ ევროპის, დასავლეთის სოლიდარობა, რასაც ასევე არ ელოდება რუსეთი.
ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთამენთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორმუში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია. უნდა ითქვას, რომ საქართველში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია.
„საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში, ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებლი, გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.
ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არა მხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყევტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. და თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენ გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება.
კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის, ფორუმში ჩემი მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის სწორედ დღეს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გარღმავდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „მიისწრაფვის თუ არა საქართველო ნატო-სკენ? როგორ მიმდინარეობს საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობა?“, - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რათა უფრო სწრაფად მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს“.
„ეს ეხება როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატო-სკენ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის, სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.