საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინა; ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ლევილის მამულში პირველი
რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცის კონცეფცია და დიზაინი წარუდგინეს; ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა კი ლევილის მამულის ბიბლიოთეკის პროექტი წარადგინა. შეხვედრაზე ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოწესრიგების საკითხიც განიხილეს. წარმოდგენილი პროექტების და ანგარიშის შესახებ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და მოიწონეს.
აღინიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში ლევილის მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები, მათ შორის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევილის მამულის საქართველოს გადმოცემისთვის სანოტარო აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, კულტურის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი, პროექტში ჩართული ფრანგი ადვოკატი.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.