ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას, მაგრამ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამხედრო ბლოკად გადაქცევას
გუშინ, 22:41
რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას, მაგრამ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამხედრო ბლოკად გადაქცევას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით კანცლერის წინადადებების შესახებ, რომ უკრაინა ასოცირებული წევრი გახდეს და ა.შ. ეს ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. ჩვენ ევროკავშირის სამხედრო ბლოკად გადაქცევის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგი რაიმე სახის ეკონომიკური ინტეგრაციის”,- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, „ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მიზნების მიღწევას ცდილობს რუსეთი უკრაინაში, პუტინმა უპასუხა, რომ დონბასზე რუსეთის სრული კონტროლი და უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„ერთი მეორეს არ გამორიცხავს. დონბასის მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარებისა და შეთანხმების გაფორმების გეგმები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ზაპოროჟიეს ტერიტორიის 80%-ს აკონტროლებს და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება.

„რუსული ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ მიიწევენ წინ. არ არსებობს ადგილი, სადაც რუსული ჯარები არ მიიწევენ წინ. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული ყველაზე დიდი პრობლემა პერსონალის კატასტროფული დეფიციტია. ეს იწვევს ტერიტორიებისა და დასახლებების დაკარგვას. დასავლელი სპონსორები დიდი რაოდენობით ყველა ტიპის დრონებით ამარაგებენ, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი დრონებით. ზოგიერთი მათგანი, ჩვენთვის სამწუხაროდ, რუსეთის ტერიტორიაზე აღწევს. მაგრამ რუსეთს აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა.

დიახ, ჩვენ ის უნდა გავაუმჯობესოთ. დიახ, ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ. და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ უკრაინას ასეთი სისტემა საერთოდ არ აქვს. არის მხოლოდ რამდენიმე ინდივიდუალური ელემენტი, მაგრამ სისტემა არ არსებობს. არ არსებობს ისეთი სისტემები, როგორებიც რუსეთის ფედერაციას აქვს. მე ვგულისხმობ ჰიპერბგერით რაკეტებს, ფრთოსან რაკეტებს, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო რაკეტებს“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისს დათანხმდა, ახლა ამაში კიევის დარწმუნებაა საჭირო.

„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ და გვსურს, მივაღწიოთ შეთანხმებას უკრაინასთან მშვიდობიანი გზით და იმ საფუძველზე, რაც განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპთან ანკორიჯში ჩვენს შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე რუსეთს სთხოვეს გარკვეული კომპრომისების განხილვა და რუსეთი მზადაა, მიიღოს ანკორიჯში განხილული კომპრომისები. თუმცა უკრაინული მხარეც უნდა დაეთანხმოს ამ კომპრომისებს“, - განაცხადა პუტინმა.