გურამ დუმბაძე - მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, ყველა რეფორმა მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, ნებისმიერ დროს შეიძლება გადავამოწმოთ შესყიდვა
გუშინ, 17:02
მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში. ჩვენი ყველა რეფორმა, იმავე ნაკლოვანებების იდენტიფიცირების კუთხით, მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰყავს კვალიფიციური გუნდი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მონიტორინგის პროცესში ჩართული არიან როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ისე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

„ჩვენ მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში. ჩვენი ყველა რეფორმა, იმავე ნაკლოვანებების იდენტიფიცირების კუთხით, მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, რათა არ დაველოდოთ, რომ რაღაც დაშავდება და შემდგომ გამოვავლინოთ. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ 500 000 ლარის ზევით სააგენტო გამოაცხადებს შესყიდვას, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტექნიკური დავალება რომ მივაწოდეთ სააგენტოს, აუცილებლად იმ ტექნიკური დავალებით გამოაცხადებს. იქნება მთელი რიგი კონსულტაციები შემსყიდველთან, კერძო სექტორთან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხარისხობრივი პარამეტრები, საბოლოო კომპონენტები პასუხობს თუ არა საჭიროებებს, ასევე რაოდენობრივი საკითხები. თავიდანვე მოხდება გადაზღვევა ყველა პარამეტრისა და რაოდენობის, რასაც შევისყიდით. ჩაბარების ნაწილში ზუსტად ის უნდა მივიღოთ, რასაც გამოვაცხადებთ. სააგენტოს წარმომადგენელი ჩართული იქნება როგორც მთელ ამ პროცესში, ისე მიღება-ჩაბარების ნაწილში. სააგენტოში გვყავს ძალიან კვალიფიციური გუნდი, ისინი სპეციალიზებულები არიან სხვადასხვა სფეროში. ეს შეიძლება იყოს ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და დეტალურად იციან კონკრეტული ტექნიკური საშუალებები, ტექნიკური მონაცემები. მათ შეუძლიათ მისწერონ ლაბორატორიებს, გადაამოწმონ ექსპერტიზები და საბოლოო გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღება. მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართულია ჩვენი დეპარტამენტი. ნებისმიერ დროს შეიძლება გადავამოწმოთ ნებისმიერი შესყიდვა, თუ დაგვჭირდა, ექსპერტიზაც ჩავრთოთ. როგორც შემსყიდველს, ისე ეკონომიკურ ოპერატორს ყოველთვის ექნება განცდა, რომ გარე, დამოუკიდებელი მხარე შეამოწმებს საქონლის მიღების პარამეტრებს, საქონლის ხარისხსა და ვადებს“, - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.