გურამ დუმბაძე - თვისებრივად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ
დღეს, 17:07
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გურამ დუმბაძის განმარტებით, კერძო სექტორის 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი ასევე აქტიურად იყენებს MRS მოდულს, რომელიც ინტერაქციის შესაძლებლობასაც იძლევა.
„დღეს თვისებრივად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა. როდესაც უკვე მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ფაქტობრივად, ამით ვამბობთ, რომ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ტექნიკურ პარამეტრებს, საქონლისა და მომსახურების ნაწილს და გამოცხადებას, დიფერენცირებულია შესაბამისი სპეციფიკის მიხედვით, იქნება ეს საგზაო სამუშაო, შენობა-ნაგებობებით თუ ასე შემდეგ. ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი კომპონენტი კერძო სექტორისთვის და აქტიურად იყენებს 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი. ეს არის MRS მოდული. ნებისმიერ ტექნიკურ დავალებაზე, რომელსაც შევიმუშავებთ და ვამბობთ ბაზრის კვლევაზე, რომ ამით ვაპირებ, გამოვიდე ბაზარზე, შეუძლიათ მოგვწერონ, გვითხრან შენიშვნა, რას ვერ აკმაყოფილებენ, სად არის გაუმჯობესების საშუალება. შემსყიდველი ვალდებულია, დაამუშაოს, გაითვალისწინოს და საუკეთესო ვერსია გამოიტანოს ბაზრისთვის, რათა მაქსიმალური კონკურენცია უზრუნველვყოთ“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.