კომპანია Montran-ის აღმასრულებელი დირექტორი - ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე, მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
გუშინ, 18:53
წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა.

„პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას. განახლებული ავტომატური გადარიცხვების სისტემა (ATS) სრულად შეესაბამება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს გადახდების დროის რეალურ რეჟიმში დამუშავებასა და 24/7 რეჟიმში უწყვეტი ფუნქციონირების შესაძლებლობა აქვს. ახალი პლატფორმა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიკვიდობის მართვის შესაძლებლობებს, ზრდის ოპერაციულ მდგრადობას, რაც ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საფინანსო ეკოსისტემის მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ. აღნიშნული განახლება აძლიერებს საგადახდო ინფრასტრუქტურის მდგრადობას, გაზრდილი გადახდების ნაკადის ეფექტიანად დამუშავების შესაძლებლობასა და სამომავლო გამოწვევებისადმი მზაობას“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტექნოლოგიურ პარტნიორ Montran-თან თანამშრომლობით განახორციელა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კიტ ესკას შეფასებით, განახლებული სისტემა მხარეებს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგია.

„ეს პროექტი Montran-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით თანამედროვე, მდგრად და სამომავლო გამოწვევებისთვის მზა საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს“, - განაცხადა კიტ ესკამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.

„Montran-ი გადახდებისა და კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერია. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიოს მოწინავე ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას, ხოლო მისი სისტემები დანერგილია და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.