რაგბი | „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ დაამარცხა #1TVSPORT
გუშინ, 17:24
„შავმა ლომმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ ტურნირზე პირველი მატჩი მასპინძელ „აირლინკ პუმასთან“ გამართა და მეტოქე 46:36 დაამარცხა.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანიც ესწრებოდა, რომელიც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი ივლისიდან შეუდგება - ფრანგი სპეციალისტი, ნაკრებთან ერთად, „შავ ლომსაც“ ჩაუდგება სათავეში.

თამაში „შავმა ლომმა“ აქტიურად დაიწყო და საწყის 10 წუთში ორი ლელო დადო (ოთარ გიორგაძე, ლუკა ცირეკიძე), რომელთაგან ცირეკიძემ ერთი გარდასახა და „შავი ლომი“ 12:0 დაწინაურდა.

მიღებული ლელოების შემდეგ „პუმასი“ გააქტიურდა - მასპინძლებმა კარგად ისარგებლს დაცვაში ქართველი მორაგბეების შეცდომებით და სამი ლელო დადეს, სამივე გარდასახეს - 21:12.

დარჩენილ დროში თენგიზ პერანიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, „შავ ლომში“ მოთამაშე მერლის პიტერსმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და ქართულმა გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით 20:21 დათმო.

მეორე ტაიმში „შავმა ლომმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადო (ლაშა ციხისთავი, ირაკლი ქვათაძე, აკაკი ტაბუცაძე, ერთი საჯარიმო ლელო) და საბოლოოდ მეტოქე ბონუსქულით 46:36 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა ცირეკიძე დასახელდა.

„ტოიოტა ჩელენჯზე“ „შავი ლომი“ კიდევ ორ თამაშს გამართავს - 10 ივნისს „სუზუკი გრიქასთან“ (15:30), 14 ივნისს კი - „ტოიოტა ჩიტასთან“ (18:30).