ურსულა ფონ დერ ლაიენი - მჯერა, მონტენეგროს მიზანი - 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანება, მიღწევადია, გაფართოების პროცესი ამ ოცნების რეალობად ქცევას გულისხმობს
გუშინ, 21:53
მჯერა, მონტენეგროს მიზანი - 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანება, მიღწევადია. გაფართოების პროცესი ამ ოცნების რეალობად ქცევას გულისხმობს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონტენეგროს ქალაქ ტივატში, პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სამიტზე განიხილეს, როგორ გაამყარონ კავშირები რეგიონსა და ევროკავშირს შორის და რომ ეს არ არის მხოლოდ მომავლისთვის გაცემული დაპირება, არამედ სტრატეგიული მიმართულება.
„ევროკავშირის გაფართოების გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანია: ჩვენ ვხსნით საერთო ბაზრის ნაწილს რეგიონის კომპანიებისთვის და ისინი იღებენ საკუთარი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას, ამასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობასაც. სხვა საკითხია როუმინგის გაუქმება. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რეფორმები კონკრეტული ინტეგრაციით დავაჯილდოოთ. ეს სამიტი გამოირჩეოდა გადაწყვეტილებითა და ერთგულებით, პროცესის ბოლომდე მიყვანის მტკიცე გადაწყვეტილებითა და ევროპული მომავლისადმი ერთგულებით. მჯერა, მონტენეგროს მიზანი - 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანება, მიღწევადია. გაფართოების პროცესი ამ ოცნების რეალობად ქცევას გულისხმობს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.