საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გუშინ, 21:52
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა - განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო - მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა - 1:0.

75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა - 2:0.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.