უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს ფრონტის ხაზზე ახალი ოპერაციების დაწყება დაავალა.
„ჩვენ ეფექტურად ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას. დღეს მე დავამტკიცე ჩვენი ახალი ოპერაციები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ქვეყნის ლიდერი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის საპასუხო განცხადებას. ზელენსკის თქმით, რუსული მხარე კვლავ ირჩევს ომს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ომის დასრულება.
„სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ ირჩევს ომს. დღევანდელი პასუხი ყველამ მოისმინა, სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრ ადამიანს ამ პასუხმა იმედი გაუცრუა. მას არაფრის შეცვლა არ სურს, არ სურს, აღიაროს, რომ მისი ომი მხოლოდ მას მოსწონს და მათ, ვინც ომისგან ფულს იღებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ფული უნდა შემცირდეს, ხოლო რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით
მიმართა. „ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის, ახლა თქვენგან სწორედ ეს არის საჭირო, ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი“, - ნათქვამია ზელენსკის წერილში.
უკრაინის პრეზიდენტის წერილზე საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა
განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას. „ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა.