„აქსიოსი“ - სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ტენესის შტატში შეხვედრები გამართეს ექსპერტებთან, რომლებმაც შესაძლოა, ბირთვულ მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა
გუშინ, 23:07
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ტენესის შტატში ბირთვულ ექსპერტებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

როგორც გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტები ურანის გადამუშავებისა და ცენტრიფუგის ტექნოლოგიის სფეროში სწორედ ტენესის შტატში მდებარე ლაბორატორიაში მუშაობენ და წარსულში ბირთვული მასალები და აღჭურვილობა, მათ შორის ყაზახეთიდან და ლიბიიდან, სწორედ ტენესის გავლით გადაიტანეს.

„აქსიოსი“ ასევე წერს, რომ ჩამოყალიბდა დაახლოებით 100 ექსპერტისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ბირთვულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, თუ წინასწარი შეთანხმება მიღწეული იქნება. გამოცემის ცნობით, სწორედ შესაძლო შეთანხმების განსახილველად გაემგზავრნენ კუშნერი და უიტკოფი ტენესში ექსპერტებთან მოსალაპარაკებლად, რადგან აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი სწორედ ვაშინგტონს გადასცეს.

„შეხვედრა არ ნიშნავს, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება, მაგრამ ეს ნიშანია იმისა, რომ მოლაპარაკებები უაღრესად სერიოზულ ფაზაშია და მათი წარმატებით დასრულების კარგი შანსი არსებობს, ამისთვის კი ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - მოჰყავს „აქსიოსს“ ამერიკელი მაღალჩინოსნის ციტატა.