უკრაინის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის განცხადებით, ჯარედ კუშნერთან და სტივ
უიტკოფთან საუბარი ძალიან პოზიტიური იყო და მადლობა გადაუხადა მათ
მზადყოფნისთვის, რომ მომდევნო კვირებში მაქსიმალურად აქტიურად იმუშაონ დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაა.
მისი თქმით, ესმის, რომ მსოფლიოს ყურადღება
ირანზეა მიპყრობილი, თუმცა ევროპაში მშვიდობის მიღწევა დღის წესრიგში რჩება.
„ჩვენ განვიხილეთ პერსპექტივები ივნისში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტისა და სხვა ღონისძიებების კონტექსტში. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც გვაქვს მოსკოვის
განზრახვებთან დაკავშირებით. მადლიერი ვარ უკრაინელების მიმართ გამოხატული პატივისცემისა და უკრაინის პოზიციების დადებითი შეფასებისთვის“, - წერს
ზელენსკი.