რუმინეთის მოთხოვნით, ნატო-ში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
გუშინ, 21:51
ნატო-ში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრა რუმინეთის მოთხოვნით გაიმართა და თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

რუმინეთმა ალიანსს საომარი მოქმედებების ზონიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების პრობლემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამასთან, რუმინეთმა ნატო-ს მოსთხოვა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე სადაზვერვო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. კერძოდ, სარადარო სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩაჭრის საშუალებების განახლება.

შეხვედრის შემდეგ ნატო-ში განაცხადეს, რომ ალიანსი თავდაცვით ზომებს მუდმივად ანახლებს.

„ნატო-ს ვალდებულება, დავიცვათ ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, გვავალდებულებს, მუდმივად მოვერგოთ უსაფრთხოების ცვალებად გარემოს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირდაპირი შედეგია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტების მატება როგორც ჰაერში, ისე ზღვაზე. ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს მოკავშირეებთან, რათა ამ გამოწვევას ეფექტურად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ალიანსის პრესსამსახურმა.

ცნობისთვის, 29 მაისს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. 5 ივნისს კი რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.