სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
აცხადებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციიდან სომხეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, ქვეყანა ამას გაითვალისწინებს.
„მე არ შემიძლია, კომენტარი გავაკეთო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციაზე. ვიცი, რომ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმი და ის ფუნქციონირებს. თუ წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ სომხეთის გარიცხვას, ჩვენ მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
8 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, სომხეთმა 2025 წელს არ გადაიხადა წევრობის გადასახადი და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში ქვეყანა არ მონაწილეობს.
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. 10 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს ორგანიზაციის წესდების შესაბამისი მუხლის გამოყენების შესაძლებლობა სომხეთის მიერ წევრობის შენატანის გადაუხდელობასთან დაკავშირებით.