გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
„ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო მზაობას, განვამტკიცოთ ორმხრივი კავშირები და გავაფართოოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ორგანული სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა და აგროგადამუშავება.
„საქართველო მზად არის, პარტნიორებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას სპეციალისტების მომზადების, ტექნოლოგიების გაცვლისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ეს პროცესები მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა ასევე ისაუბრა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით.
მინისტრის შეფასებით, საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას, ისე რეგიონში გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას.