თენგო თევზაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
დღეს, 18:12
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ალიანსში. როგორც ჩანს, ჯერ შიდა პარტიული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი და გონივრულ ვადაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 მაისის აქციის ორგანიზებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა აქტიურად არ მიუღია. „ალიანსი უნდა იყოს ქმედითი, 26 მაისის წარმატებული აქციის შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავარდა გვქონდა და ეს რაღაც ტურბულენტობა იყო. თუმცა პარტიების ნაწილი აგრძელებდა თავის კამპანიას, მათ შორის თბილისსა და რეგიონებში. ალიანსმა ახლა ერთიანი ძალებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა გადავიდეთ მობილიზების კამპანიის მეორე ეტაპზე.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა ალიანსში. როგორც ჩანს, ჯერ შიდა პარტიული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი და გონივრულ ვადაში, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. სიმართლე ის არის, რომ 26 მაისის აქციის ორგანიზებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა აქტიურად არ მიუღია. შეიძლება, სხვადასხვა საკითხში იყვნენ ჩართულები, მაგრამ ორგანიზების საკითხში აქტიურად არ იყვნენ ჩართულები. ვინ იყო აქტიური და ვინ არა, ჩემი აზრით, წარსულია. ახლა საუბარია მომავალ თანამშრომლობაზე. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში ყოფნას აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, უნდა იყოს ჩართული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე“, - განაცხადა თევზაძემ.