საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს, კილიან მბაპეს არ სურს, რომ ფრანგების ამჟამინდელმა დამრიგებელმა დიდიე დეშამმა იტალიის ნაკრები ჩაიბაროს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფრანგი სპეციალისტი დატოვებს გუნდს და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს.
ბოლო დღეებში პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეშამი, შეიძლება, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნონ.
„იმედია, ის არ გაწვრთნის სხვა ქვეყნის ნაკრებს. ამასთან დაკავშირებით მასზე მუდმივი ზეწოლა მაქვს. გავიგე, რომ იტალიის ნაკრებზე ლაპარაკობენ - ეს უსიამოვნოა.
ის ჩვენი მწვრთნელია და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ბევრი ნაკრები მოისურვებს მის მიწვევას, რადგან დიდი მიღწევები აქვს, მაგრამ იტალიამ იტალიელი მოძებნოს. დიდიე ფრანგია, ის ჩვენია“, - განაცხადა კილიან მბაპემ M6-თან ინტერვიუში.