შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
დღეს, 16:20
შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.

მედიის ცნობით, ამჟამად შვეიცარიაში დაახლოებით 9.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 27% უცხოელია.

ქვეყნის მოსახლეობა 2002 წელს 7.3 მილიონს შეადგენდა და მას შემდეგ მიგრაციის გამო მუდმივად ზრდას განაგრძობს. ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, მოსახლეობის მატება შვეიცარიაში ამჟამინდელი ტემპით თუ გაგრძელდება, მაშინ ქვეყნის მოსახლეობა 10 მილიონს 2040-იანი წლების დასაწყისში მიაღწევს.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებთა, როგორც შვეიცარიის მოქალაქეთა, ასევე მიგრანტთა რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე 10 მილიონზე დაბლა შენარჩუნების იდეა შვეიცარიის მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნოდა.

პარტიის განცხადებით, ამ ინიციატივით მათ სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის ქაოსისგან დაცვა სურთ, რადგან მოსახლეობის სიჭარბის გამო ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო ძვირდება, გადატვირთულია საგზაო ინფრასტრუქტურა და იზრდება უძრავი ქონების ფასი.

პარტიის ინიციატივის მიხედვით, მოსახლეობა რეფერენდუმს მხარს თუ დაუჭერდა, ამასთან, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლამდე თუ 9.5 მილიონს მიაღწევდა, მაშინ შვეიცარია მიგრანტების მიღებაზე მკაცრ რეგულაციებს დააწესებდა და ამ გზით მოსახლეობის რაოდენობის ზრდას შეაჩერებდა.

„შვეიცარიის სახალხო პარტიის“ ინიციატივის თანახმად, ამ შემთხვევაში რეგულაციები განსაკუთრებით გამკაცრდებოდა თავშესაფრის მიცემისა და მიგრანტთა ოჯახის წევრების გაერთიანების მიმართულებით.

ამასთან, რეფერენდუმზე გატანილი საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობა 10-მილიონიან ზღვარს თუ მაინც გადააჭარბებდა, შვეიცარიას მოუწევდა, ორი წლის ვადაში შეეწყვიტა საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შესახებ.

ცნობისთვის, შვეიცარიას პირდაპირი დემოკრატიის სისტემა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღება. ქვეყანაში რეფერენდუმის გასამართად 100 000 ხელმოწერაა საკმარისი.