დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის,
მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მათი ვალდებულებაა შექმნან გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა
გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი
პარასპორტსმენებზეა, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, როდესაც არსებობს ნება, შრომა და მხარდაჭერა.
პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის,
თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო. ჩვენი
პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გამხდარან ქვეყნის სიამაყე, მოუტანიათ საქართველოსთვის გამარჯვება და
დაუმტკიცებიათ, რომ წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანის სულიერი სიმტკიცეა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა
გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განათლების მიღების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი პირობები.
კინოს, იქნება ეს მხატვრული თუ
დუკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული ძალა აქვს. ის გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ერთმანეთის გამოცდილება, დავინახოთ რეალობა სხვა ადამიანის თვალით და გავაძლიეროთ თანაგრძნობა, პატივისცემა და სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფილმიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.
მადლობას ვუხდი ფილმის ავტორებს, ორგანიზატორებს, გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს,
პარასპორტსმენებსა და ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს უფრო სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.