სომხური მედიის ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
დღეს, 20:14
სომხეთის ქალაქ დილიჟანში სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწეს ჰიქმეტ ჰაჯიევს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოში „არმენპრესს“ განუცხადეს, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. მედიის ცნობით, აღინიშნა ორმხრივი დიალოგის უწყვეტობის მნიშვნელობა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში.

როგორც „არმენპრესი“ წერს, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომებზე. არმენ გრიგორიანი და ჰიქმეტ ჰაჯიევი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამუშაო კონტაქტებს და აღნიშნეს, რომ შემდეგი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება.