ვარლამ ლიპარტელიანი - საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
დღეს, 17:38
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.

„საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები - მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, ქალაქ შუშაში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში - მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.