გარდაიცვალა ნელი სალაძე
დღეს, 20:21
86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებენ.

ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.

სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა. ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, - ნათქვამია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის სამძიმრის წერილში.