პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
დღეს, 20:42
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.

მთავრობა განმარტავს, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების არასტაბილურობა ფიქსირდება.

„კვლევის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში 2022-2025 წლებში 75 შემთხვევა დაიდენტიფიცირდა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა. რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა. აღინიშნებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100%-ს. მიმდინარე ანალიზის თანახმად, ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა. შესაძლოა, ბაზარზე ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები განაპირობოს, რაც, თავის მხრივ, აისახება ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრებზე სამართლიანი გარემოს ფორმირების უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბება“, - ნათქვამია პროექტში.