ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო - „ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს სანქციებს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მოვუწოდებთ სხვებსაც, მიჰყვნენ ამ მაგალითს“
დღეს, 17:47
ევროპარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 436-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 145-მა.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული რეგრესის, მზარდი რეპრესიის, არამართლზომიერი დაკავებების, შეუპოვარი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის პირობებში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართველი ხალხის თითქმის 75% კვლავ ემხრობა ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირის კარი ფართოდ ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდნენ ევროპულ გზას;

ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, გააუქმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობების ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში უკუსვლა შეინიშნება. ხაზგასმით აღვნიშნავთ არათანმიმდევრულობას „ქართული ოცნების“ განცხადებებში, რომლის თანახმად, ევროკავშირთან ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც, ამავდროულად, მისი მაღალჩინოსნები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია ახორციელებენ ორგანიზებულ და სისტემურ კამპანიას, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს ევროკავშირის, მისი მაღალჩინოსნებისა და დიპლომატების წინააღმდეგ;

ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამძაფრა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი რღვევის გამო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების გზით, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი დემოკრატიული განვითარების მოთხოვნებს; ვიზიარებთ ევროკომისიის შეფასებას, რომ ძირეული ინსტიტუტები, როგორებიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ასევე, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურები არ ხასიათდებიან მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობითა და დემოკრატიული ზედამხედველობით; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო ვერ შეძლებს რაიმე წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ვიდრე არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და, სხვა საკითხებთან ერთად, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, არ დაიცავს ოფიციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტურად არ გადაჭრის ოლიგარქიული კონტროლის საკითხს და არ გააუმჯობესებს ადამიანის უფლებებისა და მედიათავისუფლების დაცვას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამფლობელების მიმართ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო შეზღუდვებს და სხვა სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ;

მოვუწოდებთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც, მიჰყვნენ ამ მაგალითს. კიდევ ერთხელ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხზე სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „გმობს თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიაზე, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროებაზე და ოპოზიციური ფიგურების დევნაზე; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია საქართველოში მზარდი ავტორიტარული კონსოლიდაციის გათვალისწინებით; მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ, მათ შორის, სანქციების სიის გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო შეზღუდვები სახელმწიფოს ხელში ჩაგდების, რეპრესიისა და რეჟიმის მიერ დაფინანსებული პროპაგანდის პასუხისმგებელ პირთა მიმართ“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაკისრებული ბლოკადა ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ მიზნობრივ სანქციებზე ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, განიხილოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევებში, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, ეფექტური და ერთიანი ევროკავშირის რეაგირების უზრუნველსაყოფად“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი თავისი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შესაცვლელად; მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს განპირობებული მათ მიერ კონკრეტული და გადამოწმებადი ნაბიჯების მიღებაზე, რათა შეიცვალოს ამჟამინდელ დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიის, შეზღუდვებისა და ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის სასტიკი რუსული სტილის კამპანიის კურსი; ამასთან, ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით“.

„ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც გაუაზრებლად ამტკიცებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა მიზანია პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების მოშლა; შეშფოთებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან დროებით გასვლის შესახებ განაცხადა; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ჩათვლით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიულ რეგრესსა და რეპრესიას; მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, გაამყარონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ საკითხებამდე, ამავდროულად, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ჩართულობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან; ვგმობთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მიმართ მუდმივ აგრესიულ რიტორიკას; ხაზგასმით აღვნიშნავთ ევროპული ნორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზის პოპულარიზაციის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობასა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულ პოლიტიკურ ძალებში. შეშფოთებით აღვნიშნავთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების მიმართ აგრესიულ რიტორიკას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის გარანტიები, აღადგინოს ეფექტური სამართლებრივი დაცვა პოლიტიკურად მოტივირებული დათხოვნისგან და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური განხორციელება; აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ასახავს საზოგადოების უმრავლესობის მიერ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობისადმი არსებულ ღრმა უნდობლობას; წუხს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში და 2025 წლის მარტსა და აპრილში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამყარა მმართველი პარტიის დომინირება და დააწესა ახალი შეზღუდვები ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაზე“.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო ვენეციის კომისიის მოწოდებები 2024 წელს შეტანილი ცვლილებების გაუქმების შესახებ. ხაზს ვუსვამთ, რომ დაგვიანებული მოწვევის გამო ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისიების არყოფნამ და შეზღუდვების გამო ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების არარსებობამ სერიოზულად იმოქმედა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების სანდოობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რომელიც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, რათა მომავალი არჩევნები საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) ჯეროვანი მონიტორინგის ქვეშ ჩატარდეს. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ 2025 წლის დეკემბრის საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების გამო, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან ხმის მიცემას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. ვგმობთ უპრეცედენტო და სულ უფრო შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას, რომლის მიზანია, პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე წვდომა, ფინანსური საშუალებების ჩათვლით, და მოაკლოს ისინი ნებისმიერ დამოუკიდებელ დაფინანსებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ 2026 წლის 5 მარტს ძალაში შესული გრანტების შესახებ კანონში ბოლოდროინდელ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ცნებას, რა მიიჩნევა „გრანტად“ და სისხლისსამართლებრივ დანაშაულად აქცევს საზღვარგარეთიდან გრანტების ან დაფინანსების მიღებას, მთავრობის წინასწარი ავტორიზაციის გარეშე, რომელიც ისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების პირდაპირ დარღვევას; მოვუწოდებთ პოლიტიკური ფონდების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განვითარების სააგენტოების დაცვისკენ; შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ორგანიზაციების ნებისმიერი შევიწროება პირდაპირ შედეგებს გამოიწვევს; ეს ცვლილებები მოჰყვა 2025 წლის აპრილში მიღებულ ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები და შემოიღო მოთხოვნა საერთაშორისო დონორებისთვის, წინასწარ მიეღოთ სახელმწიფო ორგანოების დასტური გრანტებზე, ასევე, დააწესა შემზღუდავი კონტროლი და სადამსჯელო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიმღებთათვის, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დახმარების, მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების შეფერხებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „გრანტის“ ფართო განსაზღვრებამ, შესაძლოა, მოიცვას ფართო სპექტრის ტრანზაქციები, რომელიც წინასწარ დამტკიცებას ექვემდებარება და ნებისმიერი მოქალაქე, შესაძლოა, გახადოს მთავრობის მიერ დევნის პოტენციური სამიზნე. შეშფოთებით აღვნიშნავთ რვაწლიან აკრძალვას პარტიაში გაწევრიანებაზე ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც ოდესმე უმუშავია ორგანიზაციაში, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული, რის გამოც სოციალურად აქტიური პირების დიდ ოდენობას ეკრძალება პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა; მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ღონისძიებები საქართველოში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასაცავად და შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, არამართლზომიერი დაკავებისა და დაპატიმრების, მუქარისა და ფიზიკურ თავდასხმების ჩათვლით. გმობს პოლიტიკურ ოპონენტთა დაპატიმრებას საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, როგორც პოლიტიკური საჩვენებელი პროცესის ფორმა, რომლის მიზანი იყო, გზა გაეხსნა პოლიტიკურ ოპონენტთა შემდგომი დევნისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირის, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩათვლით, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ. აღვნიშნავთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალა მუნიციპალური არჩევნების წინ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კონკურენტული არჩევნების ფასადის შექმნა. მტკიცედ ვიმეორებთ მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს. ამასთან, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის შეუზღუდავი წვდომა მიხეილ სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან.

ბრალის აღიარებისა და კორუფციის სანდო საჯარო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, ექსპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. ეს საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, არაფორმალური ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ „ქართულ ოცნებაში“ შინაგან დანაწევრებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის როლის ჩათვლით“, -ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დანერგოს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმები, უზრუნველყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ჩამდენი პირები, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად; ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ, მათ შორის სასამართლო თანამდებობის პირებისთვის ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადების, გამჭვირვალე დანიშვნის პროცედურებისა და კეთილსინდისიერების შემოწმებების შემოღების ჩათვლით, საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად.

იმედგაცრუებით აღვნიშნავთ 2022 წელს დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს დაშლას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასწოროს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა, კვალიფიციური საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით და პროკურატურის შესახებ კანონი ევროპული სტანდარტებს შეუსაბამოს;

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გააძლიეროს მისი მანდატის შესრულება და გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი ადამიანის უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგსა და თანამშრომლობაში. ხაზგასმით აღვნიშნავთ მისი მანდატის ნებისმიერი შერჩევითი გამოყენების თავიდან აცილების აუცილებლობას, როგორც ეს მითითებულია საქართველოს შესახებ კომისიის 2025 წლის ანგარიშში; ხაზგასმით აღვნიშნავთ სახალხო დამცველის გამორჩეულ უფლებამოსილებას, მოითხოვოს ეუთოს/ოდირისგან საკანონმდებლო დასკვნები ავტორიტარული ან არადემოკრატიული კანონმდებლობის შესახებ“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „წუხს, დეოლიგარქიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესის ნაკლებობაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, მათ შორის გამჭვირვალობის მოთხოვნების გაძლიერების, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური წესების და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე არასათანადო გავლენისგან დაცვის ზომების მეშვეობით“.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს მცდელობები და უკან გაიწვიოს დე ფაქტო პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მოითხოვს სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ლელო- ძლიერი საქართველოს“ - საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათი რეგისტრაციის გაუქმებას; ხაზგასმით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს; ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანსაღ დემოკრატიას სჭირდება სამართლიანი და თავისუფალი კონკურენცია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის;

გამოვხატავთ მტკიცე უკმაყოფილებას სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის ბოლოდროინდელ შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს ხელისუფლების „საჯარო და სისტემურ“ კრიტიკას ან მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, ასევე „იმავე პირის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სხვა საჯარო და სისტემურ ქმედებას“, რომელიც ფართოდ ღია რჩება ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს საშუალებას იძლევა გამოხატვის თავისუფლების ფაქტობრივი კრიმინალიზაციისა და მოვუწოდებთ მთავრობას, გააუქმოს ეს კანონი“, - ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.

ამავდროულად, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „უკიდურესად შეშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პლურალიზმის შემცირება, როგორებიცაა — „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემზღუდველი ცვლილებები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში გამკაცრებული დებულებები“.

„ვგმობთ საკანონმდებლო ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული კოდექსებით გათვალისწინებული ჯარიმების ზრდას იწვევს, რაც სულ უფრო ხშირად იწვევს იმ მომიტინგეების დაპატიმრებას, რომლებსაც ამ ჯარიმების გადახდა არ შეუძლიათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი“, - წერია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი „აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები, გადააქციოს საქართველოს დინამიური სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მოკავშირე ორგანიზებიების მკაცრად კონტროლირებად გარემოდ, წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმისკენ“.

„შევახსენებთ, რომ ამ კანონების უმეტესობა ძირეულად იმეორებს პუტინის ტოტალიტარული რეჟიმის ადრეულ განვითარებებს რუსეთში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო აქტები, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის უკან დასაბრუნებლად; ვგმობთ ელენე ხოშტარიას მიმართ მისი დაკავების დროს, ცნობების თანახმად, ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. ვითხოვთ მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებელ გაუქმებას.

ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ გრძელდება მომიტინგეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების ბოროტად გამოყენება. აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეში „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელმაც დაადგინა, რომ მხოლოდ პოლიციის ჩვენებაზე დაყრდნობამ, დამოუკიდებელი მტკიცებულების გარეშე, ხელყო სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და ხელი შეუწყო არაპროპორციული სანქციების დაკისრებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პროცედურების რეფორმისკენ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად; ვგმობთ სანდო ცნობებს ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მომიტინგეებისა და დაკავებულების წინააღმდეგ, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლოდროინდელ დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს პოლიციის მხრიდან ძალადობის, დაცვისა და ანგარიშვალდებულების სისტემატური ხარვეზების შესახებ ბრალდებებს;

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაუყოვნებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები და სრულად განახორციელოს CPT-ის რეკომენდაციები; ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან ვერბალური და ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მუქარისა და გენდერული ნიშნით სხვა ძალადობის, არამართლზომიერი ჩხრეკის გაზრდილ ტენდენციას მომიტინგეების, განსაკუთრებით, ქალი მომიტინგეების, წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს დისიდენტთა დაშინებისა და ქართველების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების ჩახშობის კამპანიის ნაწილს;

ვგმობთ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ დაკავებას და შემდგომ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით, იმ ინდივიდთათვის, რომლებიც მშვიდობიანად მონაწილეობენ მიტინგებში ტროტუარებსა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი ღონისძიებები წარმოადგენს რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური მიზნებით განსხვავებული აზრის ჩახშობა; ვგმობთ პირების ხშირ დაკავებას სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრებების გაზიარების გამო. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ბრალდებების გამო, რომელთა თანახმად, საქართველოში პროტესტების ფონზე ინდივიდთა წინააღმდეგ შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო აკრძალული ქიმიური ნივთიერება. ხაზს ვუსვამთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება თუ დადასტურდება, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული არასაკმარისი გამოძიების გამო, მოვუწოდებთ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებისკენ; მოვუწოდებთ ქიმიური იარაღის აკრძალვის გაერო-ს ორგანიზაციას გამოძიების ჩატარებისკენ და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, გადასცენ ეს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზულუციის თანახმად, ევროპარლამენტი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევისა და მოწყვლადი ჯგუფების, LGBTIQ+ პირთა ჩათვლით, დისკრიმინაციის გამო“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს დარღვევები შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების ფარგლებში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების, შეკრების, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებები, უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებათა დამცველისა და აქტივისტის უსაფრთხოება, დაცვა და ეფექტური სამართლებრივი საშუალებები. მკაცრად მოვუწოდებთ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აკონტროლონ ეს დარღვევები, უზრუნველყონ მხარდაჭერა და დაცვა რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის და დააკავშირონ ევროკავშირის დახმარების, თანამშრომლობისა და გაწევრიანების სფეროში მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის ხელშესახებ გაუმჯობესებასთან“, - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის დებულებები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების, აგრეთვე პირადი ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“.

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს LGBTIQ+ თემს და ღრმა აღშფოთებით უყურებს კანონში არსებულ მცდარ გათანაბრებას ნებაყოფლობით ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებსა და ინცესტს შორის; რეზოლუცია იხსენებს, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის დროს მსგავსმა კანონებმა გზა გახსნა უმცირესობების ფართო რეპრესიებისა და, საბოლოოდ, დაშინებისა და დისკრიმინაციის ატმოსფეროსთვის რუსეთში“, - წერია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია: „სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს ჭიათურის რეგიონში ევროკავშირის ბაზრისთვის მარგანეცის მოპოვების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო და მოვუწოდებთ, განხორციელდეს კორპორატიული მდგრადობის კუთხით სათანადო გულმოდგინების დირექტივა, რადგან ევროკავშირი პასუხისმგებელია ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და გარემოს დაცვაზე, რომელიც ნადგურდება მოპოვებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად. რეზოლუცია კვლავ გამოხატავს წინააღმდეგობას საქართველოს შრომის კანონმდებლობაში რეგრესის მიმართ, როგორც ეს ჩანს სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონში 2024 წელს შეტანილ ცვლილებებში; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შრომითი სამართლის სტანდარტები და თავი შეიკავოს შრომითი უფლებების შეზღუდვისგან; ევროკავშირის სამართლებრივი სივრცე მოიცავს შესაბამისობას საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციებთან, ევროპულ სოციალურ ქარტიასთან და სამუშაო პირობებზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მიესალმება ეუთო-ს მონაწილე 24 სახელმწიფოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას, რამაც შესაძლებელი გახადა ექსპერტთა მისიის გაგზავნა, რათა შეეფასებინათ საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის მხრივ, 2024 წლის გაზაფხულიდან“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს მისი რეკომენდაციები მკაფიო ვადებში, მათ შორის პოლიტიკური მიზეზებით დაკავებულ პირთა გათავისუფლება, საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამო კანონმდებლობის გაუქმება და არასათანადო მოპყრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ხაზს ვუსვამთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს მისი რეკომენდაციების განსახორციელებლად, მონაწილე სახელმწიფოებმა და შესაბამისმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა განიხილონ შემდგომი ღონისძიებები პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სამიზნე სანქციები და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. მოვუწოდებთ ეუთო-ში მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი მისიის მანდატის გაგრძელებას, სისტემატური და დოკუმენტირებული დარღვევების გათვალისწინებით, რომლებიც მოითხოვს ყოვლისმომცველ დამოუკიდებელ შეფასებას. დადებითად ვაფასებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელი მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებს, „გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება“, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლისა და მისი 33-ე მუხლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთშორის განცხადებათა ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულება. მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ ამ რეკომენდაციის განხორციელება“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია: „ვგმობთ „ქართული ოცნების“ მომხრე მედიასაშუალებების, მათ შორის „ტვ  იმედის“ , PosTV-ისა და „რუსთავი 2“ -ის როლს სისტემატური დეზინფორმაციის, შავი პიარის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ;

აღვნიშნავთ გაერთიანებული სამეფოს მიერ „ტვ იმედისა“ და PosTV-ის წინაააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს, მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ღონისძიებები იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციის კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში. მოვუწოდებთ, ევროკავშირის სანქციების სიაში შეიტანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები“.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „შეშფოთებას გამოხატავს დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლისა და მის წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი დევნის გამო; ხაზს უსვამს, რომ მედიის პლურალიზმი და ჟურნალისტების უსაფრთხოება დემოკრატიული საზოგადოების არსებითი წინაპირობებია“.

„შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში ბოლოდროინდელი რეფორმების გამო, რომლებიც, როგორც ჩანს, აკადემიური ინსტიტუტების მართვის ცენტრალიზაციას, აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიის შესუსტებას და საქართველოს ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შეფერხებას ემსახურება. რეზოლუცია გაფრთხილებას გასცემს აკადემიური პროგრამების სტრუქტურის და ხანგრძლივობის შეცვლასა და „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის შემოღებაზე მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც ცალკეული უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული დისციპლინების სპექტრს ზღუდავს. შემაშფოთებელია ისეთ ინსტიტუტებზე რეგულაციური ზეწოლა, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტური პროტესტების საჯარო მხარდაჭერის გამო, მაშინ, როდესაც მხარდაჭერა გაეწია კერძო ინსტიტუტებს, რომლებიც დაკავშირებულია მმართველ ელიტასთან ახლოს მდგომ პირებთან. დამოუკიდებელი განათლების ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ამ ღონისძიებათა კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის აკადემიურ პლურალიზმს და კიდევ უფრო აპოლიტიზირებს უმაღლეს განათლების სისტემას.

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოდან ფუნქციონირებად ორგანიზებული თაღლითური ქოლცენტრების ქსელთა გამო. კერძოდ, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებზეა ორიენტირებული. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებები მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამ თაღლითურ ქსელებს, ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ, მფარველობას უწევენ, რაც მათ ეკონომიკური სანქციების გადარჩენაში ეხმარება.

მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია ახალისებს წევრ სახელმწიფოებს, ჩაატარონ საფუძვლიანი გადამოწმება გასაუბრებისა და მხარდამჭერი დოკუმენტების მოთხოვნით ამ ვიზის მომთხოვნი პირებისგან და უარი თქვან ვიზებზე, თუ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაჩნდება. სინანულს გამოვხატავთ, რომ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების, დემოკრატიული რეგრესისა და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებზე ევროკავშირის მასშტაბით სავიზო შეზღუდვები ვერ დაწესდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო. აღვნიშნავთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითადი ორიენტირებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას. რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში და გაიზარდოს პირდაპირი მხარდაჭერა ადამიანებს შორის გაცვლითი პროგრამებისთვის, როგორიცაა Erasmus+, Horizon Europe, ევროპული სოლიდარობის კორპუსი და Creative Europe.

საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირის საერთო პოზიციებს საერთაშორისო საკითხებზე — 2024 წელს საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებების 53%-ს თუ ეთანხმებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-მდე დაეცა, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი ვალდებულების კიდევ უფრო შესუსტებას ადასტურებს. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველომ სისტემატურად არ გაიზიარა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივები უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ევროპის საბჭოს მიღებულ რეზოლუციებზე. ამის ნაცვლად, გაამყარა ურთიერთობები რუსეთთან და მხარი დაუჭირა რუსულ ნარატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აგრესიისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის გადანაცვლებას.

უღრმეს მადლიერებას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის რუსეთის აგრესიული ომის დროს, რაც ასახავს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მიმართ ფართო საზოგადოებრივ წინააღმდეგობას, ქვეყნის საკუთარ გამოცდილებას რუსული სამხედრო აგრესიისა, და ხალხის სურვილს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და დარჩეს მოსკოვის გავლენის სფეროს გარეთ; მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გვერდით, განსაკუთრებით ქართულ ლეგიონში და ქართული სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობს უკრაინის მხარდამჭერ ჰუმანიტარული დახმარების კამპანიებში.

საქართველო კვლავ არ შეუერთდა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების აბსოლუტურ უმეტესობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ღონისძიებები, გააძლიეროს თანამშრომლობა და საბაჟო მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ტერიტორიის და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდველი ღონისძიებების გვერდის ასავლელად; მივიჩნევთ, რომ შესაბამისობის მიმდინარე დონე და აღსრულების ძალისხმევა აშკარად არასაკმარისია და შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პასუხისმგებლობებთან; საჭიროა უფრო გადამწყვეტი ქმედებები, მათ შორის სრული შესაბამისობა ევროკავშირის შემზღუდველ ღონისძიებებთან, ეფექტური მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები, გამჭვირვალე თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნავთობის ექსპორტისა და რუსულ და ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების კუთხით. რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობის შეუსრულებლობა პირდაპირ შედეგებს გამოიწვევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე; მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს შესაბამისობის მჭიდრო მონიტორინგი ევროკავშირის სანქციების რეჟიმთან, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის რისკების ჩათვლით“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებელი ღონისძიება მიიღონ რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ევროკავშირის სანქციათა სისტემური გვერდის ავლის შესაჩერებლად, საქართველოს ფარგლებში ტრანზიტული მაღალპრიორიტეტული ორმაგი დანიშნულების ნაკეთობათა და ავიაციის კომპონენტთა ვაჭრობის ნაკადების მონიტორინგისთვის ევროკავშირის სპეციალური მონიტორინგის მექანიზმის შემოღების ჩათვლით“.  ამასთან, ევროპარლამენტი „მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას, სრულად ითანამშრომლოს ამ ძალისხმევებში და გამოაცხადოს რეგულარული, გამჭვირვალე მოხსენებები ასეთი ვაჭრობის ნაკადებზე, საბაჟო აღსრულების გასაძლიერებლად და სანქციათა შემდგომი შემოვლის ხელშეშლისთვის“.

„შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს პორტების, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის დამუშავების ობიექტების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსული ნავთობპროდუქტების რეეექსპორტის ან შერევის მიზნით საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ასავლელად; სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ნედლი ნავთობი იგზავნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე, ახლად აშენებულ და ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყულევის გადამამუშავებელ ქარხანაში; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და აღკვეთოს ნებისმიერი ასეთი საქმიანობა და უზრუნველყოს, რომ ქართული ინფრასტრუქტურა არ გამოიყენებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ასავლელად. აღვნიშნავთ, რომ ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, საქართველოს ხელისუფლებისა და ტერმინალის ოპერატორის მხრიდან ევროკავშირის სანქციების მკაცრი დაცვის ვალდებულების საფუძველზე; მოვითხოვთ მის შეტანას სანქციების მომავალ პაკეტებში, თუ საქართველოს ხელისუფლება და ტერმინალის ოპერატორები მკაცრად არ შეასრულებენ ევროკავშირის სანქციებს; მოვითხოვთ ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას შემზღუდველი ღონისძიებების სრული აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე „მოუწოდებს კომისიას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოსთან თანამშრომლობით, შეაფასოს საქართველოს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებას და დაფარონ ბენეფიციარი მფლობელები, რითაც ხელს შეუწყობენ სანქციების გვერდის ავლას და ფულის გათეთრებას.

„მოვუწოდებთ, გაძლიერდეს მონიტორინგი და შემოწმება საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ან ორგანიზაციების საკუთრებაშია ან მათ მიერ კონტროლდება, განსაკუთრებით იმ კომპანიებზე, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან დაარსდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი, აქტივების მართვის ოფისი და საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების რეესტრი, რათა გაძლიერდეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დაცვის ზომები და შემცირდეს სანქციების გვერდის ავლის რისკი.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ სტრატეგიულ შემოტრიალებას ახდენს ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ, რასაც ადასტურებს მრავალი მოხსენება; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ორიენტირება უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქართული საზოგადოების მკაფიოდ გამოხატულ ნებასთან დაკავშირებით. გამოვხატავთ აღშფოთებას იმ ფაქტის გამო, რომ, ავტორიტარული ხელისუფლების მზარდი გავლენის შესახებ სანდო დასკვნების გამოძიების ნაცვლად, დაიწყო გამოძიება ასეთი ანგარიშების ავტორების, მათ შორის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ.

შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩინური სახელმწიფო კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებით სტრატეგიულ პროექტებში, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელი ძირეულად დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვითარდა და მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის გაძლიერება, რუსული და ჩინური გავლენისგან დამოუკიდებლად. რეზოლუცია ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შუა დერეფნის წარმატება დაკავშირებულია საქართველოს ერთგულებასთან კანონის უზენაესობისადმი და რომ Global Gateway-ის ინვესტიციები მოითხოვს, საქართველო იყოს მდგრადი და გამჭვირვალე პარტნიორი.

რეზოლუცია აღნიშნავს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტების ინიციატივებს, მათ შორის შავი ზღვის ციფრული დაკავშირებადობის წყალქვეშა კაბელს და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელს, რამაც შეიძლება, გააძლიეროს ენერგეტიკული და ციფრული კავშირები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე წერია: „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით; საქართველოს ეკლესიის შიგნით ზოგიერთი სასულიერო პირი ამ ინსტრუმენტალიზაციას წინააღმდეგობას უწევს და საჯაროდ გამოდის როგორც რუსული გავლენის, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ ქართული მართლმადიდებელი საეპარქიო სტრუქტურები და სამრევლოები ევროკავშირის ტერიტორიაზეც არსებობს, რაც ტრანსნაციონალური დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიფხიზლისა და გამძლეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს“.

ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მზარდი გავლენის გამო ქვეყანაში, კერძოდ, რელიგიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ახალგაზრდობის მობილიზაციის მეშვეობით, ასევე ეკონომიკურ სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც ეფექტურად აძლევენ ირანს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას“.

„შემაშფოთებელია ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ, საქართველოში მოქმედ ეკონომიკურ აქტორთა მზარდი გავლენა. რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოიყენონ ფინანსური სანქციების გვერდის ავლისთვის, ფულის გათეთრებისა და ირანული საქონლის უკანონო ექსპორტისთვის, რაც სარგებელს მოუტანს, როგორც ირანის, ასევე „ქართული ოცნების“ რეჟიმებთან დაკავშირებულ აქტორებს კორუფციისა და სახელმწიფო ტენდერების გაყალბების გზით;

მიგვაჩნია, რომ საქართველომ კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს სომხეთისთვის საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის ხელშეწყობაში, რითაც ხელს შეუწყობს რეგიონულ კავშირს, ეკონომიკურ მდგრადობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში“, - წერია რეზოლუციაში.

ამავდროულად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი; მტკიცედ გმობს რუსეთის განგრძობად ოკუპაციას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე და განგრძობად „ბორდერიზაციის“ პროცესს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეინარჩუნოს მკაფიო და მუდმივი პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით; მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ძალისხმევას, ინტეგრირდეს ოკუპირებული ტერიტორიები პოლიტიკურად, სამხედრო და ეკონომიკურად რუსეთის ფედერაციაში; ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველების მუდმივი უკანონო დაკავების გამო, ქალებისა და ახალგაზრდების ჩათვლით, გამოგონებულ ბრალდებებზე, როგორიცაა ჯაშუშობა ან ქართული პასპორტის ფლობა; ვგმობთ ამ პრაქტიკებს, როგორც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაშინებას, დისკრიმინაციასა და ქართული მოსახლეობის ძალისმიერ გადასახლებას; მტკიცედ ვგმობთ ოჩამჩირეში მიმდინარე რუსული საზღვაო ბაზის განვითარებას, რომელი წარმოადგენს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არამედ პირდაპირ საფრთხეს მთლიანად შავი ზღვის აუზის და საქართველოს საკუთარი საზღვაო სავაჭრო ამბიციებისთვისაც; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსული ჯარების დაუყოვნებელ და უპირობო გაყვანას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან;

მოვუწოდებთ მიზნობრივ შემაკავებელ ღონისძიებათა მიღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ, 2018 წლის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის ჩამონათვალის“ მსგავსი პრეცედენტების საფუძველზე;

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარების, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაზარალებულ თემთა მხარდაჭერის კუთხით; მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მუდმივ ხელის შეშლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დაშინების ქმედებებს, უკანონო დაკავებათა და სხვა ინციდენტების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია მუქარასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამუშაოს ხელის შეშლასთან; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ხილული და საჯარო განხორციელება უნდა გაძლიერდეს დამატებითი მხარდაჭერისა და პერსონალის მეშვეობით, რადგან ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში და ააშკარავებს რუსეთის აგრესიულ ტაქტიკას, რომელიც 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ ომის შემდეგ რეგიონში სიკვდილს, ტანჯვას და არასტაბილურობას იწვევს;

ვავალებთ თავმჯდომარეს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას“, - ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, „საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ საფუძვლიანი აკადემიური კვლევის, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა ისტორიული მანიპულაციისა და დეზინფორმაციის კამპანიების გავრცელებას უწყობს ხელს, რასაც რუსეთის ფედერაცია იყენებს საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად“.

„ხაზს ვუსვამთ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოს ისტორიის შესახებ აკადემიური კვლევის, დოკუმენტირებისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელობას, მათ შორის პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი დახვრეტებისა და საბჭოთა-რუსული ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის ისტორიის, აგრეთვე ამ მოვლენების კოლექტიურ მეხსიერებაში აღდგენის მნიშვნელობას; ვწუხვართ, რომ ბოლო წლებში, ხელისუფლების სულ მცირე პასიური თანხმობით, შეიმჩნევა კომუნისტური დანაშაულების რელატივიზაციისა და დესტალინიზაციის პროცესის შემობრუნების მცდელობები; ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამთ დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, როგორიცაა ორგანზიაცია SovLab -ი, მნიშვნელოვან როლს საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში, აგრეთვე კომუნისტური ტერორის მსხვერპლთა დაკრძალვის ადგილების მოძიებას, მათ დადგენასა და ღირსეულ მოხსენიებაში; ახალისებს საბჭოთა ოკუპაციის, კომუნისტური დანაშაულებისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების დოკუმენტირებაში ჩართული წევრი სახელმწიფოების შესაბამის ინსტიტუტებს, გააღრმავონ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან, მხარი დაუჭირონ ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის ამ თავის გამოვლენას, დოკუმენტირებასა და გავრცელებას; შეშფოთებას გამოვთქვამთ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის სისტემატური შეფერხების გამო; მოვუწოდებთ  საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სრული, გამჭვირვალე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“,- ნათქვამია რეზოლუციაში.