პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი - მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
დღეს, 18:00
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწსებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამეციდიცინო მომსახურებით.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ორი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია, მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები. რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. დღეს როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. რა თქმა უნდა, უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა“, - განაცხადა პატარიძემ.

პატარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველებს წერილობით პასუხი დაუყოვნებლივ გადაეცათ.

„დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელდა მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომ დაახლოებით ორი კვირის წინ მათ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ №5 პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების  შეცდომაში შეყვანისგან“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.