აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრების მეკარის, ვოზინიას დედას დაეხმაროს. უწყების მიზანია, ქალბატონმა მუნდიალზე შვილის ასპარეზობის ხილვა უშუალოდ სტადიონიდან შეძლოს, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ესპანეთის ნაკრებთან საყაიმო ანგარიშის შემდეგ, ფეხბურთელმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ დედამისმა სავიზო საგარანტიო მოსაკრებლის გადახდა ვერ მოახერხა, რის გამოც შეხვედრას ვერ დაესწრო. 40 წლის სპორტსმენმა განმარტა, რომ ვიზასთან დაკავშირებული ხარჯების გამო მან ჩამოსვლა ვერ შეძლო, საჭირო თანხის შეგროვება დროულად ვერ მოასწრეს და მისი იქ ყოფნა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული რეგულაციით, კაბო ვერდე შედის იმ 50 სახელმწიფოს სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე საგარანტიო დეპოზიტის დაფარვა უწევთ. აღნიშნული ზომა იმ ქვეყნების მიმართ მოქმედებს, საიდანაც ვიზის ვადის დარღვევის სტატისტიკა მაღალია.
მიუხედავად ამისა, ვოზინიას კომენტარების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბაზაში ფეხბურთელის დედისგან სავიზო განაცხადი საერთოდ არ ფიქსირდება. ოფიციალური პირის თქმით, უწყებაში განაცხადი არ შესულა, მუნდიალზე მოთამაშეთა ნათესავებზე საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება და დეპარტამენტი აქტიურ კომუნიკაციაშია სპორტსმენის ოჯახთან, რათა მათ სავიზო პროცესის გავლაში ხელი შეუწყონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პორტალიც ადასტურებს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და უახლოესი ნათესავები დეპოზიტისგან თავისუფლდებიან, თუ სხვა სავიზო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამასთან ერთად, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ვოზინიას დედას ამ ეტაპზე ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი არ გააჩნია და ახლა სწორედ ამ დოკუმენტის დამზადების მოლოდინშია.
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ვოზინიასთვის ეს ტურნირი უდიდესი კარიერული ნახტომია. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ ესპანეთთან შეხვედრაში მან 7 ბურთი მოიგერია.
კაბო ვერდეს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.