გერმანული მედიის ცნობით, ევროპული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა
დღეს, 18:55
ევროპული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ევროპის სადაზვერვო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, „ეკონომიკური შოკი, მაგალითად, სანქციების მასშტაბური პაკეტი ბანკების წინააღმდეგ ან ნავთობის ფასების მდგრადი დაცემა“, შეიძლება, უკანასკნელ წვეთად იქცეს და შეასრულოს სასხლეტის როლი.

სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი რუსეთის საბანკო სექტორია. ბანკების ბალანსი „ხელოვნურადაა გაბერილი“. მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ინვესტორების მოსაზიდად ბანკებმა შეამცირეს დაშვებული რისკების ზღვარი.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში სახელმწიფოს მიერ გაცემულმა სუბსიდირებულმა იპოთეკურმა სესხებმა გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება, რაც დეფოლტის ტალღის საფრთხეს აჩენს. ამას ემატება ე.წ. ფარული ვალები - შეღავათიანი კრედიტები, რომლებსაც ბანკების გასცემდნენ კრემლის ზეწოლით და ამ სესხებს იღებდნენ სამხედრო საწარმოები, რომელთაც უზარმაზარი ფინანსური მოთხოვნილებები აქვთ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ დრომდე ინარჩუნებს „მოჩვენებით დინამიკურ ეკონომიკას“, თუმცა ეს უკვე აღარ შეესაბამება რეალობას. მთავრობამ კი თავადაც აღიარა, რომ ეკონომიკა, უკვე ორი წელია, სტაგნაციაშია. წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,4%-მდეა შემცირებული.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ „ევროპული სადაზვერვო სამსახურების ანგარიში არ გამოდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით, მაგრამ ის პოლიტიკოსებს აძლევს არგუმენტებს, რატომ არის ახლა სახარბიელო დრო მოქმედებისთვის“.