ეროვნულმა არქივმა ისტორიკოს სარგის კაკაბაძის გამოუქვეყნებელი ნაშრომი დაბეჭდა
დღეს, 19:50
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სარგის კაკაბაძის ნაშრომის, „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე“ პირველი ტომის, „საქართველო უძველესი დროიდან III საუკუნემდე“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული არქივი ავრცელებს.

ეროვნული არქივის ცნობით, წიგნში შესულია მეცნიერის პირად არქივში დაცული მრავალმხრივ საინტერესო, აქამდე გამოუქვეყნებელი ნაშრომი. მასალები მოიცავს ისტორიკოსის შედარებით ადრეულ მოსაზრებებს, რომელთა ნაწილი მან მოგვიანებით შეცვალა.

„პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნა. გამოცემის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ, სარგის კაკაბაძის შვილიშვილმა, ცირა კალანდაძემ, წიგნის რედაქტორმა, თემო ჯოჯუამ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო-საგანმანთლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ სარგის კაკაბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საისტორიო არქივს. ეროვნულ არქივში, სარგის კაკაბაძის შთამომავლებთან შეთანხმებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და წყაროთმცოდნის პირად არქივში დაცული „ქართველი ერის ისტორიის“ მრავალტომეულის გამოსაცემად“, - ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.