საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
დღეს, 19:40
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კეტლინ დეპურტერთან და ქვედა პალატის წევრთან, ვერნერ ზომერსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ამასთან, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სრულფასოვანი დიალოგის აუცილებლობას.