გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„მემორანდუმს, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს, ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქურბონ ჰაკიმზოდამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, მცენარეთა დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, პროფესიული განვითარება, სოფლის მეურნეობის სფეროში სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე ინფორმაციის გაცვლა და მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებსა და გამოფენებში.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას. ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.