საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს შეხვდა
დღეს, 18:10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემომალი რახმონს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მათივე ცნობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

ამასთან, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ.