მაკა ბოჭორიშვილი - ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გამო გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი, ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ
დღეს, 20:50
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული მიმართულია საქართველოს ინტერესებისა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი, ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ ის პოლიტიკური ინსტრუმენტები, რაც ხელში აქვთ. ასეთი განცხადებების გაკეთება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად არ შედის არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.