უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის „თეთრი არწივის“ ორდენი გაუგზავნა, რომელიც, მისი თქმით, 2023 წელს უკრაინელი ხალხისა და არმიისთვის იყო განკუთვნილი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში
წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ჯილდო პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მისამართზე გაიგზავნა.
„გუშინ პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი ჩვეულებრივი ჯილდო არ არის. ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი ნდობის სიმბოლო. ის გამოხატავს პოლონურ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირს და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას. ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს ქმნის. ამიტომ, თუ მიიჩნევა, რომ ეს განსაკუთრებული სიმბოლო შეიძლება, დარჩეთ ეკატერინე II-ს, ბენიტო მუსოლინისა და გერჰარდ შრედერს, უკრაინაში ამაზე დავას არ დავიწყებთ“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა მადლიერია პოლონელი ხალხის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ“.
„უკრაინას არასოდეს ავიწყდება სოლიდარობა და ესმის, რომ ჩვენს რეგიონში სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების ერთ-ერთი ხელშესახები გარანტიაა როგორც უკრაინელებისთვის, ისე თითოეული მეზობელი სახელმწიფოსთვის. უკრაინა გააგრძელებს თავდაცვას ამ ომში, რომელიც რუსეთმა გააჩაღა და, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ღირსეულ მშვიდობას. უკრაინა მადლიერია ყველა ხალხის, სახელმწიფოსა და ლიდერის, რომლებიც მომავალშიც ჩვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების დაცვის გზაზე და რომლებიც უკრაინასთან ერთად გახდებიან ევროპაში ომისშემდგომი მშვიდობისა და ახალი, რეალური უსაფრთხოების გარანტები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა მომავალშიც ღია იქნება პოლონეთთან თანამშრომლობის ყველა შინაარსიანი ფორმატისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული განსხვავებული ინტერპრეტაციები ორი ხალხის საერთო წარსულის რთულ და მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იყოს მე-20 საუკუნის ყველა უდანაშაულო მსხვერპლისადმი სათანადო პატივისცემა.
„უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ამ საუკუნეში ევროპის დამარცხება არ დავუშვათ. მე ვამაყობ ჩვენი ხალხით და თითოეული უკრაინელი მებრძოლით - მილიონობით უკრაინელი ქალითა და კაცით, რომლებიც იმსახურებენ უპირობო პატივისცემას იმ გმირობისთვის, რომელიც უკრაინელმა ხალხმა რუსული აგრესიისგან თავდაცვისას გამოავლინა. ჩვენ გვჯეროდა, რომ 2023 წელს გადმოცემული „თეთრი არწივის“ ორდენი სწორედ უკრაინელი ხალხისა და ჩვენი არმიისთვის იყო განკუთვნილი. იმ დროს ასე იყო ნათქვამი. დღეს ეს ორდენი პოლონეთის პრეზიდენტს უკან გავუგზავნე. ვფიქრობ, მომავალი დაადასტურებს იმ პატივისცემას, რომელსაც უკრაინელები იმსახურებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება
მიიღო. როგორც ნავროცკიმ განაცხადა, „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა, რომელიც პოლონურ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირსა და პოლონელი ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს.