ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან 50 დღის შემდეგ, ბოლივიის პრეზიდენტმა, როდრიგო პასმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“
იუწყება.
„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, რომლის მიზანია ადამიანების ცხოვრების შეზღუდვა. ეს არის საგანგებო მდგომარეობა, რომლის მიზანია ხალხისთვის თავისუფლების დაბრუნება და ბოლივიის გათავისუფლება მათგან, ვინც პოლიტიკურ კონფლიქტებს გზების გადაკეტვისა და მოსახლეობისთვის ზიანის მიყებებისთვის იყენებს“,- განაცხადა ბოლივისს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკრეტი ხელისუფლების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს აფართოებს წესრიგის აღსადგენად, მათ შორის, უფლებას აძლევს, გამოიყენოს სამხედროები გზების ბლოკირების მოსახსნელად.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, თუმცა პრეზიდენტი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში აცნობოს კონგრესს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტს 72 საათი აქვს, რათა ეს ზომა დაამტკიცოს ან უარყოს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბოლივიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უდიდეს პროფკავშირთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც დაძაბულობას შეამცირებს.
„მე შეთანხმებას მივაღწიე იმ დემონსტრანტებთან, რომელთა მოთხოვნებიც კანონიერი იყო“, - განაცხადა ბოლივიის პრეზიდენტმა ტელეეთერში.
კონფლიქტი ბოლივიაში მაისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააუქმა საწვავზე მოქმედი სახელმწიფო სუბსიდიები, რის შემდეგაც, ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდა მოხდა.
ანტისამთავრობო პროტესტი ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალების ბლოკირებაში გადაიზარდა, რის გამოც ბოლივიის ქალაქებთან, მათ შორის დედაქალაქ ლა-პასთან მიმავალი გზები პარალიზებული იყო. შეფერხდა სატვირთო გადაზიდვები და რამდენიმე რეგიონში პრობლემები შეიქმნა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
პროტესტის მონაწილეები, მათ შორის პროფკავშირები და ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მხარდამჭერი ჯგუფები, ეწინააღმდეგებიან როდრიგო პასის ეკონომიკურ რეფორმებს, მოითხოვენ მის გადადგომას, ხელფასების ზრდას და მკაცრი ეკონომიკური ზომების გაუქმებას.