ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ
ბაღეის განცხადებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი თემა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე კონფლიქტი იქნება. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით
იუწყება.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე იქნება ირანის გაყინულ აქტივებზე წვდომის აღდგენისა და ირანული ნავთობის გაყიდვისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხი.
„სიონისტური რეჟიმი კვლავ არღვევს ლიბანთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს, ეს საკითხი დღევანდელი მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა იქნება“, - განაცხადა ისმაილ
ბაღეიმ.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ამერიკული მხარის მიხედვით, მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარებას ისახავდა მიზნად, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაში ეს თემა ნახსენები არ ყოფილა.