„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა, სევდიანი სანახავია, როცა ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი ამ მდგომარეობამდე მიდის
დღეს, 19:41
სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა. სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, „სრულიად გაუგებარია, პოლიტიკოსის მხრიდან რა ლოგიკით შეიძლება, „ლელოს“ პოლიტიკური საქმიანობა „ბიზნესპროექტად“ შეფასდეს, როდესაც სწორედ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გვერდზე გადადეს საკუთარი მრავალწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა, პირადი კეთილდღეობა და ოჯახის უსაფრთხოება, რათა ღიად დაპირისპირებოდნენ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“.

„პოლიტიკური პრინციპულობის გამო, მათ ორჯერ თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე, იდგნენ საპროტესტო აქციებზე „ლელოს“ წევრებთან და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ხოლო საკუთარი პრინციპული პოზიციის ერთგულების გამო პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთაც გამოსცადეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის რუსული გავლენისგან გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკურმა მმართველობამ ქვეყანა რუსულ ძალას გადააბარა, შემდგომ კი თავადაც აღმოჩნდა იმავე რუსული ხელისუფლების პატიმრობაში, ამასთანავე მისი პოლიტიკის შედეგად არაერთხელ მოხდა მისივე პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე შიდა კრიზისი, დაშლა და დასუსტება.

ნამდვილად სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება.

თუ ვინმეს ჩვენკენ ტალახის სროლა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამგვარ ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ვუპასუხებთ იმავე მეთოდებით. არც ტალახის სროლაში ჩავერთვებით და არც სხვისი შიდა კონფლიქტებისა და სისუსტეების საკუთარ თავზე გადმოტანის მცდელობას მივყვებით.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმავე პრინციპულობით, რაც დღემდე გვამოძრავებდა, და ამ ბრძოლას ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე.

აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ელექტორატის ჩამოსართმევად“.