კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ლატვიაში ემზადება #1TVSPORT
დღეს, 20:47
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ადგილობრივი გიმნაზიის დარბაზი და თავად იურმალა ჩვენი ნაკრებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია. მესამე ზაფხულია, რაც ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი სწორედ ლატვიის ამ კურორტზე გადის ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ციკლს.

საქართველოს ნაკრები იურმალაში 21 ივნისს, დილის საათებში ჩავიდა და დღის დარჩენილი პერიოდი დასვენებასა და ადაპტაციას მოახმარა. პირველი ვარჯიში კი დღეს, დილის 11:00-დან 14:00 საათის ჩათვლით ჩაატარა, რომელშიც ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება.

ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულ მოთამაშეებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, მარკის რიდი გუშინვე, საღამოს შეუერთდა. ნაკრების შემადგენლობაში არიან:
რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“), მარკის რიდი („ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“), დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი), სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“), გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“), კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“), ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“), ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია), გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“), ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“) და გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA).

ხვალ საქართველოს ნაკრები კვლავ იმავე დროს ივარჯიშებს, ზეგ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს შეხვდება. მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (რომელიც ასევე ლატვიაში გაიმართება) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.